Irma Berscheid-Kimeridze
Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache; Mitglied im BDÜ
Georgisch Deutsch Irma Berscheid-Kimeridze Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache
Georgisch Deutsch - Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache - Irma Berscheid-Kimeridze Köln
Georgisch Deutsch - Informationen zur georgischen Sprache - Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache - Irma Berscheid-Kimeridze Köln
Georgisch Deutsch Literatur - Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache - Irma Berscheid-Kimeridze Köln
Georgisch Deutsch - Kontakt zu Irma Berscheid-Kimeridze Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache NRW Köln

წართმეული სიყმაწვილე

ავტორი თომას ბერშაიდი

I.

ჰაინრიხ ზობეკმა სანთებელას თავი ახადა, ცეცხლი დააკვესა და «გოლოაზს» მოუკიდა. სიგარეტი ღრმად მოქაჩა, სანთებელა ჯიბეში ჩაიდო და მიეყრდნო ოპელს, რომლითაც მან მოხუცი ჰერმანი ქირურგთან მიიყვანა. მალე ორთოპედის ჯერიც დადგა. სამოქალაქო სამსახურის ბოლო კვირები იყო. მის ფუნქციაში შედიოდა ინვალიდების ექიმებთან ტარება. ათასი რამ უტრიალებდა თავში: ფიქრები უმაღლესში სწავლის დაწყებასა და მოხუც კაცზე, რომელიც მას ექიმთან უნდა წაეყვანა, რადგან ამ საქმის კეთება სხვას არავის სურდა.

ჰაინრიხმა სიგარეტის ნამწვი ფეხით გასრისა. მან ექიმის კაბინეტის ზარის ღილაკს ხელი დააჭირა და ხის მძიმე კარი გააღო. ჰერმანი ინვალიდის სავარძელში იჯდა და მისაღებში ელოდებოდა მას. ჰაინრიხისთვის ზედაც არ შეუხედავს.

«მზად არის»? ჰკითხა მან ხანშიშესულ, ამპარტავან მედდას.

«საბუთები აქ არის», უპასუხა მან ჰაინრიხს და მიაწოდა ორთოპედთან გადაგზავნისთვის საჭირო მიმართვა. «შემდეგში რომ მოხვალთ, მანქანა უნდა»…

«თქვენ არა გაქვთ ჩემთვის მითითებების მოცემის უფლება», უკმეხად მიუგო ჰაინრიხმა. მას აღარ გაუგონია, როგორ მიაძახა აღშფოთებულმა მედდამ, რომ ასეთი რამ მის პრაქტიკაში არ ყოფილა.

«ბატონო ჰერმან, ორთოპედთან უნდა წავიდეთ», მიმართა ინვალიდის სავარძელში მოთავსებულ მოხუცს.

«სამშობლოს მოღალატე», შეუღრინა მოხუცმა. ჰაინრიხმა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია.

«თქვენ შეგიძლიათ მიღრინოთ, რამდენიც გინდათ, მე სულ ფეხებზე მკიდია», უპასუხა მოხუცს და ინვალიდის სავარძელს ქამარი გადაუჭირა.

«შენისთანებს ჩვენ…» ჰაინრიხს მეტი აღარ გაუგონია. მანქანის კარი ხმაურით მიაჯახუნა.

II.

ჰაინრიხმა ჰერმანი უსიტყვოდ შეიყვანა სტაციონარში. ერთ-ერთმა მომვლელმა მოხუცი ჩამოართვა, რომლის თავიდან მოშორებამაც ჰაინრიხი გაახარა.

კიდევ რამდენი ხანი უნდა აეტანა მისგან ასეთი დამცირება? სამოქალაქო სამსახური მაინც მალე დამთავრდებოდა და ხომ არ ჯობდა, მოეთმინა?

ექიმები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტით იყვნენ დაკავებულნი. მედდების ოთახში ჰაინრიხი მარტო დარჩა. გასაღებებიც იქ დარჩენოდათ. მან ცხვირსახოცით გამოაღო უჯრა და ავადმყოფის ბარათი ამოიღო.

«ჰელმუტ ჰერმანი, დაბადებული 1923 წელს რაიდტში, მუშაობდა მასწავლებლად და 10 წლის წინ პენსიაზე გავიდა. სამი წელია მოხუცებულთა სახლში და ექვსი თვეა, რაც გერონტოფსიქოლოგიურ განყოფილებაში იმყოფება. დეპრესიულობა და ფარული აგრესიულობა, ორივე ფეხის დამბლა. სამედიცინო თვალსაზრისით ორგანული დაავადება არაა აღმოჩენილი», ეწერა ბარათში.

ჰაინრიხმა ბარათი კარადაში დააბრუნა. ოთახში ექთანი გერდა შემოვიდა. «საქმე არაფერი გაქვს?»

«საწოლებია გასასწორებელი», უპასუხა ჰაინრიხმა. «საიდან დავიწყო? დღეს ვინმე ხომ არ გარდაცვლილა?»

«ჯერ ჰერმანს მიხედე, თორემ ისევ დაიწყებს ყვირილს. ახლა აბაზანაშია», მიუგო მედდამ.

ჰაინრიხი მოხუცის ოთახში შევიდა. მთელს ოთახში სამხედრო დისციპლინა და კონტროლი სუფევდა. სკამზე იდო აბსოლუტური სიზუსტით გადაკეცილი შარვალი. ტუმბოზე ერთმანეთის მიყოლებით ეწყო ორი წიგნი, ღამის ნათურა და წყლის ჭიქა მარჯვენა კუთხეში. საწერ მაგიდაზე ყაზარმული სიზუსტით ელაგა ორი ფანქარი, კალამი და საწერი ქაღალდი. ჰაინრიხმა შარვლიანი სკამი კარის სახელურს შეუდგა.

კარადა ღია იყო, რადგან კლინიკაში დაშვებული არ იყო მისი ჩაკეტვა. ჰაინრიხმა მზერა შეავლო თაროებს. აქაც სამხედრო წესრიგი სუფევდა. პერანგები, შარვლები და პულოვერები თაბახის ფურცლების ზომაზე იყო დაკეცილი და ერთმანეთზე კოხტად ეწყო. მან თითები შეაცურა ტანსაცმელში და მოსინჯა. თუმცა, რა უნდა ეპოვა იქ? ჰეროინი ან სხვა რომელიმე ნარკოტიკი? არყის ბოთლი? ჰერმანი ამის გამკეთებელი არ უნდა ყოფილიყო.

კარადაში ძველი ლაბადა ეკიდა, რომლის მარცხენა მხარე საკმაოდ გაცვეთილი იყო. ჰაინრიხმა მიმოიხედა. კარს იქით ჩამიჩუმი არ ისმოდა. მან ლაბადა თავისკენ მისწია და ჯიბეები მოჩხრიკა. ყველა ჯიბე ცარიელი იყო. ახლა უბის შიდა ჯიბეს შეავლო ხელი. ისიც ცარიელი აღმოჩნდა. «სამწუხაროა. იქნებ აქ იარაღი ჰქონდეს დამალული», გაუელვა თავში.

ახლა ლაბადის ხაოიანი ქსოვილის სინჯვა დაიწყო, რომელსაც ალბათ ბევრი წვიმა და თოვლი ახსოვს. ლაბადის შიგნითა ნაწილში რაღაც მაგარი მოხვდა ხელში. მან ლაბადა ამოატრიალა და ხელი დაუსვა სარჩულს. იქ საიდუმლო ჯიბეს წააწყდა. მართლაც დიდი სიზუსტით უნდა ეძებო, რომ მიაგნო. ერთი ღილი გახსნა და ხელი ფრთხილად შეაცურა სარჩულში. იქნება ხაფანგი აქვს დამალული, ან კიდევ თაგვის საწამლავი, გაიფიქრა თავისდაუნებურად. თუმცა ეს მისთვის სულ ერთი იყო. რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უნდა გაეგო, რა იყო იქ დამალული. ხელს ამოჰყვა მუყაოს წიგნაკი.

ჰაინრიხს ვერმახტის სამხედრო ბილეთი ეჭირა ხელში.

III.

მზე კარგად აჭერდა, როცა ჰაინრიხმა ინვალიდის სავარძელში მჯდომი ჰერმანი მანქანაში ჩასვა. თუმცა ახალგაზრდა კაცი მზის მცხუნვარებას კი არა, მუცელში წვას უფრო გრძნობდა.

გუშინ კიოლნში იყო, სადაც მოინახულა მუზეუმი, რომელშიც წინათ გესტაპოს მიერ პატიმრები იქნენ ნაწამები და მოკლული. მას შეხვედრა ჰქონდა ერთ-ერთ ისტორიკოსთან, რომელმაც ნათელი მოჰფინა ომისდროინდელი ჯარისკაცების ისტორიას. ჰაინრიხმა აქ გაიგო, სინამდვილეში ვინ იყო ჰერმანი.

ჰაინრიხმა კადეტის კარი გააღო და უსიტყვოდ ჩაჯდა. უსაფრთხოების ქამარი გადაიჭირა, თუმცა არ უნდა დავიწყებოდა, რომ ჯინსის ქურთუკის მარცხენა ჯიბეში პლასტმასის გადასაბმელი ედო. ის ქალაქს გასცდა, გაზს ფეხი დააჭირა, სიჩქარეს მოუმატა და სოფლის გზაზე გავიდა.

«დღეს ერთ ლამაზ ექსკურსიას გავაკეთებთ, ბატონო კუპერს», თქვა ჰაინრიხმა.

«მე ჰერმანი მქვია», ისევ შეუღრინა მოხუცმა.

«თქვენს აქტში კი სხვა გვარი წერია. როგორ გერქვათ მაშინ, ვერმახტის დროს?» ჰკითხა ჰაინრიხმა.

«რა თქვი?» ხმა აუთრთოლდა ჰერმანს.

მოხუცის სახის დასანახავად ჰაინრიხმა სარკე მიატრიალა. «თქვენს აქტში არ წერია, რომ თქვენ ყრუ ხართ», უპასუხა მან. ნებადართული 70 კმ სიჩქარის აღმნიშვნელი აბრისთვის ყურადღება არც მიუქცევია, გაზს ფეხი დააჭირა და სიჩქარეს მოუმატა.

მარცხენა მხარეს გზა იყო, რომელიც აღმართით ტყეში შედიოდა. ჰაინრიხს მაშუქი არ ჩაურთავს, ტყეში ისე შეუხვია. მაგრად დაამუხრუჭა, კატედი მარცხნივ გადაიხარა და ჰერმანი კარს მიახეთქა.

«რას ნიშნავს ყოველივე ეს?», უყვიროდა ჰერმანი. «ჩქარა გადადი გზაზე!»

ჰაინრიხმა უკანა ფანჯარა დახურა. აბღუვლებული მოტორით შევარდა მანქანა ტყეში. შუაგულ ტყეში ბოლომდე დაამუხრუჭა, მანქანა მარჯვენა მხარეს მიაგდო უასფალტო გზაზე და 50 მეტრის შემდეგ ღარტაფზე შეჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. ძალაუფლების ხელში ჩაგდების სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა. ომში ნამყოფი კუპერსი შეიძლება გამოცდილი მებრძოლი იყო, ჰერმანი კი – 54 წლით უფროსი ჰაინრიხზე, რომელიც კარატეში მწვანე ქამარს ფლობდა. მან მანქანის კარი გააღო და ინვალიდის სავარძელს მიუახლოვდა.

«სასწრაფოდ უკან დაბრუნდი», ყვიროდა ჰერმანი, «თორემ პრობლემები გექნება, შე…»

სილის გაწნამ დაამთავრა ყვირილი.

«შენ მაშინ ილაპარაკებ, როცა მე გეტყვი, კუპერს». ჰაინრიხი უკვე ძალას ფლობდა მოხუცზე.

«ხელები უკან წაიღე!»

ჰერმანი არ დაემორჩილა. ჰაინრიხმა გაშლილი ხელისგული შუბლზე მიარტყა და შემდეგ თავისი შუბლით მთელი ძალით მიაწვა მისას.

«ხელები უკან წაიღე, რომ შეგიკრა, თორემ განახებ, რას ნიშნავს ტკივილი». მისი თვალების მზერას, მიპყრობილს მოხუცისადმი, ნებისმიერი გააფთრებული კატის მორჯულება შეეძლო.

ჰერმანი აღარ შესწინააღმდეგებია. ჰაინრიხმა ჯინსის ქურთუკიდან გადასაბმელი ამოიღო და მოხუცს ხელები შეუკრა. შემდეგ კი მისი მანქანიდან გამოყვანის დროც დადგა.

«სად მივდივართ?» ახლა კი შერბილებული ტონით იკითხა ჰერმანმა.

«კითხვებს აქ მე ვსვამ. ჩვენ ახლა მივხედავთ შენი ეგზეკუციის საქმეს».

ჰაინრიხმა ინვალიდის სავარძელი ტყის შუაგულში ჩადგა და წრე დაარტყა მას. ჰერმანმა ახედა, პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ როცა ჰაინრიხის ხელს შეხედა, ისევ დახურა, თუმცა ზობეკს მხოლოდ სანთებლის შარვლის ჯიბიდან ამოღება სურდა. მოხუცმა მიმოიხედა. ირგვლივ არავინ ჩანდა. მანქანის დანახვა აქედან უკვე შეუძლებელი იყო. აქ ისინი სრულიად მარტონი იყვნენ. ჰაინრიხმა კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, ჰერმანს სახეში შეაბოლა და თვალებში ჩააშტერდა.

«შენი გვარი არაა ჰერმანი», დაიწყო მან. «შენი სახელი და გვარია ჰერბერტ კუპერსი, დაიბადე 1923 წლის 25 აპრილს. 1940 წლიდან მსახურობდი ვერმახტში. 1942 წელს მოხვდი აღმოსავლეთ ფრონტზე. ბაბი იარში მასობრივი ჟლეტის შემდეგ უამრავი სამოქალაქო პირი დახოცე უკრაინაში. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, ყველა ებრაელი. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე თვითმხილველთა ჩვენებები.» სიგარეტის ფერფლი გადაფერთხა კუპერსის შარვლიდან და განაგრძო: «ომის შემდეგ გვარი შეიცვალე და მასწავლებლად დაიწყე უცოდველი ცხოვრება. ზოგიერთმა პიროვნებამ იზრუნა იმაზე, რომ ამ ტვირთის უზიდველად გეცხოვრა».

ჰერმანი დუმდა. ჰაინრიხი თვალს არ აშორებდა მას. «შენ რომ ბოლო დღეებში მუდმივად არ გელანძღე, ჩემთვის ეს ყველაფერი სულერთი იქნებოდა», განაგრძო ჰაინრიხმა. «მაგრამ შენმა მუდმივმა ნაცისტურმა ნაბოდვარმა მოთმინებიდან გამომიყვანა. ამიტომაც მოვქექე შენი წარსული. ჰოდა, ახლა ამას ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო, რომ ამის შემდეგ აღარავის შეეშინდეს შენი».

«გინდათ…» ჰერმანს ხმა აუთრთოლდა. «ჩემი მოკვლა გინდათ?»

«რომ მეც შენსავით მკვლელი გავხდე?» უპასუხა ჰაინრიხმა. «არა, კუპერს, ასე იოლად ვერ წამიხვალ ხელიდან».

ჰაინრიხი ადგა, სიგარეტის ნამწვი სილაზე გასრისა, დაიხარა და მოხუცს თვალებში ჩახედა.

«მომიყევი ომის შესახებ», დაიწყო ჰაინრიხმა. «მომიყევი იმ პატარა ბავშვების შესახებ, რომლებიც უკრაინაში დახვრიტე. მინდა ვიცოდე, რამდენად მაგარი ბიჭობაა დახვრეტა იმ უცოდველი ხალხისა, რომელსაც თავის დაცვა არ შეუძლია.»

ჰერმანმა თავი გვერდზე მიაბრუნა. ჰაინრიხმა ნიკაპთან მიუტანა ხელი და სახე თავისკენ მიაბრუნებინა.

«მომიყევი ამის შესახებ», არ ეშვებოდა ის მოხუცს. «ყვიროდნენ? ტიროდნენ? რა მანძილზე ასხამდა სისხლი? ისე ესროლე, რომ ტკივილი არ განეცადათ და მაშინვე მომკვდარიყვნენ? მინდა, დეტალები ვიცოდე.»

მოხუცმა ჰაინრიხს თვალებში შეხედა, რომელიც კვლავ განაგრძობდა მის წვალებას. «როგორი შეგრძნება იყო?» ჰკითხა და თავი თვალებთან ახლოს მიუტანა. «ჩახედე ბავშვებს თვალებში? რა შეგრძნება იყო, როცა შენ…»

ჰერმანს მისი დანარჩენი კითხვები აღარ გაუგონია. მან უცბად სხვა დროში გადაინაცვლა, რომელიც ეგონა, დავიწყებული ჰქონდა. ის ფიქრებით ახლა სულ სხვა ადამიანთან იყო. ვილჰელმთან.

მოხუც კაცს თვალწინ დაუდგა უკრაინაში დატრიალებული უბედურება და ის პატარა ბიჭი. შემდეგ კი გასროლა. თვალები დახუჭა. ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. შემდეგ მეორე და… უცბად ტირილი აუტყდა. ის პატარა ბავშვივით და მთელი თავისი არსებით ტიროდა.

შემცბარმა ჰაინრიხმა უკან დაიხია. ამ ადგილზე მოვიდა იმ განზრახვით, რომ ეს ადამიანი დაემცირებინა და შური ეძია მასზე. ასეთ რამეს კი არ ელოდა. ეს თავგადადებული ნაცისტი, რომელიც მას რამდენიმე წუთის წინ ალბათ დიდი სიამოვნებით მიაყენებდა კედელთან, იჯდა ახლა მის წინ და პატარა ბავშვივით ტიროდა.

ჰაინრიხი ჰერმანს გაოგნებული უცქერდა და აღარ იცოდა, რა ექნა.

მოხუცი კაცი ჯერ კიდევ სლუკუნებდა. ჰაინრიხმა ჯინსის ქურთუკის უბის ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და მიაწოდა.

«გმადლობ», უპასუხა მოხუცმა ათრთოლებული ხმით და ცხვირი მოიხოცა. შემდეგ კი ჰაინრიხის შეთავაზებული კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო.

IV.

ერთი კვირის შემდეგ კვლავ ორთოპედთან უნდა წასულიყვნენ. ისინი უსიტყვოდ მიდიოდნენ ნაცნობ გზაზე. ჰერმანმა შუშაზე დაუკაკუნა ჰაინრიხს, რომელმაც გამყოფი ფანჯარა ჩამოსწია.

«ტყეში შედი, გთხოვ», თქვა ჰერმანმა მოულოდნელად.

ზობეკი გაოგნებული უყურებდა მოხუცს სარკეში. მარცხნივ შეუხვია და აღმართზე ავიდა, ოღონდ ამჯერად ადრინდელზე შედარებით ნელა. ისევ ღარტაფზე დააყენა კადეტი და მოხუცი გადმოიყვანა მანქანიდან.

«სიგარეტის მოწევა გინდათ?» ჰკითხა მან.

«არა მარტო ეგ. მინდა, რაღაც მოგიყვე», უპასუხა მოხუცმა.

ჰაინრიხმა სიგარეტი მიაწოდა.

«შენ ხარ პირველი ადამიანი, რომელსაც 50 წლის შემდეგ ვუყვები ჩემი ისტორიის შესახებ», თქვა ჰერმანმა პირველი ნაფაზის შემდეგ და თავი გვერდზე მიაბრუნა.

პატარა შესვენების შემდეგ დაიწყო 50 წლის წინანდელი ისტორიის მოყოლა: «უკრაინაში ვიყავით. მივიღეთ ბრძანება ებრაელების განადგურების შესახებ. მხოლოდ სამი დღე იყო, რაც აღმოსავლეთ ფრონტზე ვიმყოფებოდი. მანამდე სხვა ბრძანებებს ვასრულებდი. მეც ისევე უნდა გავმხდარიყავი დამნაშავე, როგორც სხვები. მერე ვეღარავინ მეტყოდა, რომ ამ საქმეში ხელები არ მქონდა გასვრილი. ჯერ კაცები მოიყვანეს. ჯარისკაცები, რომლებმაც ჩვენები დახოცეს.»

ჰაინრიხი მიწაზე დაჯდა და სმენად გადაიქცა.

«შემდეგ ბავშვების ჯერი დადგა», განაგრძო ჰერმანმა. «ეს საშინელება იყო. ჩემმა ოფიცერმა მითხრა, რომ ესენი მომავალი პარტიზანები არიან და შემდგომში ჩვენზე შურს იძიებდნენ. მე თვალები დავხუჭე. ეს ძალზე შემზარავი რამ იყო.»

ჰერმანს თვალები აუწყლიანდა. ჰაინრიხმა ცხვირსახოცი მიაწოდა.

«როცა თვალები გავახილე», ის თავს ძლივს იმორჩილებდა, «ორი მათგანი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა. მარცხენა მხარეს მდგომი ჩემს ძმას, ვილჰელმს ჰგავდა ძალიან. ასაკითაც მისი ტოლი იყო, ექვსი წლის. თვალებიც ზუსტად მისნაირი ჰქონდა. მე…» ჰერმანს ხმა აუკანკალდა. «მე ვილჰელმს ვესროლე», თქვა მან და ბაგე აუთრთოლდა.

«შემდეგ ისევ ბანაკში წავედით. გვამები სადღაც დაფლეს. იმის შემდეგ მათ შესახებ აღარაფერი მსმენია. არც ერთს ჩვენთაგანს ამაზე არასოდეს ულაპარაკია. ამ საქმის ჩადენა ჩვენ სულაც არ გვეამაყებოდა. ვიცი, რომ ჩვენ დამნაშავენი ვიყავით.»

«წინააღმდეგობა რატომ არ გაუწიეთ?», ჰკითხა ჰაინრიხმა.

«ჰმ, წინააღმდეგობა?» – ასევე კითხვით უპასუხა მოხუცმა. «სანამ სასროლად წაგვიყვანდნენ, გზაზე ერთ ხეს ჩავუარეთ. მასზე ეკიდნენ ჩვენი მებრძოლები, რომელთაც კისერზე რაღაც აბრები ჰქონდათ გაკეთებული. მათ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.»

V.

ჰაინრიხის სამოქალაქო სამსახურის ბოლო კვირა დაიწყო. ინვალიდის სავარძელში მჯდომი მოხუცი უსიტყვოდ ჩასვა მანქანაში ორთოპედთან წასაყვანად. გამყოფი ფანჯარა ჩამოსწია, უკან მიტრიალდა და ჰერმანს ჰკითხა:

«ექიმი თუ ტყე?»

«ტყე», უპასუხა ჰერმანმა.

«რაღაც მოგიტანეთ», უთხრა ჰაინრიხმა და ქურთუკის ჯიბიდან ფრანგული კონიაკის ბოთლი ამოიღო.

«აქ თითქმის ისეა, როგორც დასავლეთ ფრონტზე», გაიღიმა მოხუცმა.

«არა, მაინც რატომ მლანძღავდით ხოლმე?» – ჰკითხა ჰერმანს.

«ჩვენ არჩევანი არ გვქონდა», დაიწყო მან. «ჰიტლერის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ უნდა ჩავწერილიყავი «ჰიტლერ-იუგენდში». როცა გერმანია პოლონეთს დაეცა, მაშინვე ჯარში მიკრეს თავი, შემდეგ კი – ფრონტზე. წაიყვანეს ჩემი მეგობრები და საერთოდ, მთელი ჩვენი კლასი.»

ჰერმანმა ბოთლი აიღო და კონიაკი ნელ-ნელა გადაუშვა ყელში.

«ჩვენ არ გვქონდა არჩევანის უფლება. ან ბრძოლა, ან დეზერტირობა», განაგრძობდა მოხუცი. «რაც დეზერტირებს დამართეს, მოგიყევი. სტალინი ხომ კიდევ უარესი იყო: მილიონზე მეტი საკუთარი ჯარისკაცი დაახვრეტინა».

მან კიდევ მოსვა ერთი ყლუპი კონიაკი და მოყოლა განაგრძო: «ნაცისტებმა სიყმაწვილეს მომწყვიტეს. მათ უმანკოება წამართვეს და მკვლელობის მანქანად გადამაქციეს. დღეს ახალგაზრდებს შეგიძლიათ აირჩიოთ ან სამხედრო, ან სამოქალაქო სამსახური.»

«რას იზამდით ახლა, ახალგაზრდა რომ იყოთ?» ჰკითხა ჰაინრიხმა.

«იმას, რასაც შენ აკეთებ: ავირჩევდი სამოქალაქო სამსახურს», მიუგო მოხუცმა.

«მაინც რატომ გადმოდიოდა ჩემზე მთელი ბრაზი?» არ ეშვებოდა ჰაინრიხი.

«იცი რა, ბოლო ორი კვირა ძალიან ბევრი დრო მქონდა საფიქრელად. ჩემი ახალგაზრდობა განადგურებულია. ჩვენ იძულებული ვიყავით, ომში წავსულიყავით ისე, რომ არ გვქონდა უარის თქმის შანსი. ომის შემდეგ არავის სურდა ამის შესახებ საუბარი. რას იზამ, ასეთია ომი. გარდა ამისა, მაშინ სხვანაირი დრო იყო. შემდეგ მე მასწავლებელი გავხდი. 60-იან წლებში ერთხელაც პროკურატურიდან მომაკითხეს. დამკითხეს, როგორ იყო ჩაცხრილვის ამბავი. სულ ეს იყო. არავის უკითხავს, მაშინ რა განვიცადეთ. შენ იყავი პირველი ადამიანი, ვინც ამ ისტორიით დაინტერესდა.»

VI.

ჰაინრიხმა ინვალიდის სავარძელში მყოფი ჰერმანი კადეტიდან გადმოიყვანა და კლინიკაში შეიყვანა. უცებ მხარზე ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო.

«ჰაინრიხ, გთხოვთ, სასწრაფოდ წამოხვიდეთ», უთხრა ექიმმა ბუსკემ.

ექიმთა კაბინეტში არსებული სიტუაცია საატესტაციო გამოცდას აგონებდა. მის პირდაპირ ისხდნენ ექიმი ბუსკე, მომვლელი და კლინიკის პერსონალთა განყოფილების უფროსი, შრიოდერი. მათი დათრგუნული სახეების დანახვაზე ჰაინრიხს ტანში გააცია.

«დოქტორ ზომერლინგის კაბინეტიდან დარეკეს, რომ ორი კვირაა, რაც ბატონი ჰერმანი ორთოპედთან სამკურნალოდ არ ყოფილა. ბოლო ხანებში თქვენ იყავით მორიგე. სად იყავით იმ დროს?»

«მანქანა გაგვიფუჭდა», მიუგო ჰაინრიხმა.

«სისულელეს ნუ ლაპარაკობთ», შეუტია შრიოდერმა. «თქვენს მორიგეობის წიგნაკში არაფერია შეტანილი მანქანის გაფუჭების შესახებ. კიდევ ერთხელ გეკითხებით: სად იყავით იმ დროს?»

«ტყეში», უპასუხა ჰაინრიხმა.

«თქვენთვის ალბათ ნათელია, რომ თქვენ ბოროტად გამოიყენეთ სამსახურეობრივი მოვალეობა» უთხრა შრიოდერმა და თვალები მოჭუტა. «ეს საქმე ძვირად დაგიჯდებათ, ბატონო ზობეკ!»

«ჩვენ შეგვიძლია თქვენს წინააღმდეგ პროცესი აღვძრათ», განაგრძო ბუსკემ.

ჰაინრიხს ფერი ეცვალა. ხომ არ აჯობებდა, მუხლდაჩოქილს ბოდიში მოეხადა და ეამბა «წმინდა ინკვიზიციის» შესახებ?

უცბად ბუსკემ მზერა ჰაინრიხიდან კარზე გადაიტანა და პირი დააღო. შრიოდერსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ჯალათი მდგარიყოს მის წინაშე. ჰაინრიხი კარისკენ მიტრიალდა.

კარში ჰერმანი იდგა. «ბატონებო, რასაც არ უნდა აბრალებდეთ ამ ახალგაზრდა კაცს, ვფიქრობ, რომ ის მეც მეხება», თქვა მან მკაცრი ტონით.

VII.

«დღეს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა», თქვა ჰაინრიხმა.

ჰერმანი ადგა და ყავარჯენს დაეყრდნო. «ჩემიც. დამბლამ გადაიარა. იქნებ სულაც შურისძიება სურდა ჩემს სხეულს იმ წყეული ისტორიის გამო».

ის საწოლისკენ გაემართა. «50 წელია, წესიერად არ მიძინია. ის ბიჭი, ვილჰელმს რომ ჰგავდა… დღემდე მდევნის, თითქოს მიჩივის. ის თვალები… ყოველღამე ვხედავდი მათ. ამ თემას პირველად ვიხსენებ.»

«ამ გახსენებაზე… რა მოუვიდა ვილჰელმს?» ჰკითხა ჰაინრიხმა.

«ამერიკელებმა ჩვენი ქალაქი დაბომბეს 1943 წლის აგვისტოს ბოლოს», უპასუხა მოხუცმა. «მამაჩემი ეცადა, ვილჰელმი ჩვენი სახლის ცეცხლმოკიდებული ნანგრევებიდან გამოეყვანა. იმ დღეს ორივე დაიღუპა.»

ჰაინრიხმა ჰერმანს ხელი ჩამოართვა, საავადმყოფოს თეთრი ხალათი გაიხადა, ზურგჩათა მოიკიდა, ხალათი საწოლზე დადო, ველოსიპედზე დაჯდა და ისე ჩაუქროლა ჭიშკარს, რომ მეტი აღარ გამომშვიდობებია მოხუცს.

ჰერმანი კი ფანჯარასთან იდგა და ხელს უქნევდა მას.