Irma Berscheid-Kimeridze
Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache; Mitglied im BDÜ
Georgisch Deutsch Irma Berscheid-Kimeridze Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache
Georgisch Deutsch - Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache - Irma Berscheid-Kimeridze Köln
Georgisch Deutsch - Informationen zur georgischen Sprache - Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache - Irma Berscheid-Kimeridze Köln
Georgisch Deutsch Literatur - Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache - Irma Berscheid-Kimeridze Köln
Georgisch Deutsch - Kontakt zu Irma Berscheid-Kimeridze Ermächtigte Übersetzerin und beeidigte Dolmetscherin für die georgische Sprache NRW Köln

სოკო

ავტორი თომას ბერშაიდი

ჰარტმუტ ტონისენი მიაბიჯებდა ვახდენდონკის ლურჯი ლაგუნის მიმდებარე ტყეში. ზაფხული იმ წელს მშრალი და ცხელი იყო. შემოდგომაზე ასეთი ამინდი ცუდია სოკოს მოსავლისთვის. ეს ადგილი მისთვის თავშესაფრის ტოლფასი იყო, სადაც მას მარტო ყოფნა შეეძლო. ეს დღეც იმ დღეთაგანი იყო, როცა მას განმატოება და განტვირთვა ერჩია.

“ბოლოს და ბოლოს როდის მოიყვან უნიტაზს წესრიგში?” ელზას სიტყვები რაღაც საზარელი ექოსავით ჩაესმოდა ყურში. ცოლმა პირში მიახალა, მეზობელი კუპერსი შინ შენზე მეტ სასარგებლო საქმეს აკეთებსო. აქ, ამ ტყეში მას შეეძლო ელზასგან მოსვენება ჰქონოდა. ეს ადგილები, რომლებსაც ბელგიური ყაზარმისკენ მივყავართ, სოკოს მოყვარულთა შორის პოპულარობით სარგებლობდა და ბოლომდე იყო გადაჩხრეკილი მათ მიერ. ტონისენი შევიდა გამომშრალი ტყის შუაგულში, სადაც სხვებს ფეხი ჯერ არ დაედგათ და სადაც, ანდაზისა არ იყოს, მელა და კურდღელი ღამე მშვიდობისას გისურვებენ. ჩამოცვენილი, მშრალი ტოტები მისი რეზინის ჩექმების ქვეშ ხრაშუნობდა, მხოლოდ სოკო არსად ჩანდა. მანჭკვალა იყო პირველი სოკო, რომელმაც მის დაწნულ კალათაში ჰპოვა ადგილი.

ფოთოლთა პატარა გორამ მიიქცია მისი ყურადღება. შეიძლება აქ ნაწვიმარი იყოს და ქამა სოკოს პოვნა ნამდვილად არ უნდა გამიჭირდესო, გაიფიქრა. მოეჩვენა, რომ იქ სოკო ამოსულიყო და თითქოს იმასღა ელოდებოდა, რომ ტონისენს ის სახლში წაეღო. გამხმარი ტოტი გვერდზე გადასწია. რაღაც თეთრი ანათებდა ფოთლებქვეშ. უთუოდ დიდი ფშუკურაა, გაიფიქრა მან. მაგრამ სოკოს ნაცვლად ადამიანის თავის ქალის კბილთა რიგი შესცინოდა მას. ტონისენმა ნერწყვი გადაყლაპა. სადილად მირთმეულმა შნიტცელმა თავი შეახსენა და ზემოთკენ დაიძრა. მერე კი, როგორც ჩანს, გადაიფიქრა და გადაწყვიტა, კუჭში დარჩენილიყო. ტონისენმა ქურთუკის შიდა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო. შემოდგომის ტყეში დამდგარ სიჩუმეში საკუთარი გულის ხმამაღალი ცემა ესმოდა. დარჩენილი ტოტებიც მოაშორა სხეულს, რომელსაც ხორცის ნასახი აღარ შერჩენოდა. ტყის ცხოველებს და ბუზებს ის სადილად მიურთმევიათ.

“ასეთი რამ ვინ ჩაიდინა?” გაიფიქრა ჰარტმუტმა და ჩონჩხთან ჩაიმუხლა. ნეტავ რამდენი ხანია აქ წევს ეს ადამიანი? ნეტავ ვინაა ის?

ამ დროს თილისმა შეამჩნია. იქნებ მკვლელს დაავიწყდა მისი წაღება, ან ვერ შეამჩნია ის, როცა მოკლული აქ დატოვა? ოქროს ჯაჭვი შემოხვეოდა მოკლულის ყელს. ლამაზად დაწნული თილისმა, რომელიც ქალის ყელს ამშვენებდა. იმ ქალისას, რომელიც მთლიანად ჩამომდნარი იწვა მის წინაშე.

მან თილისმა ხელში აიღო. უკანა მხარეს ამოტვიფრული იყო ლურჯი ხოჭო წარწერით.

***

მცირე ნადავლით, რომელიც თავისი პასატის უკანა სავარძელზე მოეთავსებინა, ტონისენი ვინკრატისკენ მიემართებოდა ძალიან ნელა, რადგან მისი მანქანის ამორტიზატორი უკვე კარგა ხანია ასაკს უჩიოდა. ჩამავალი მზე დასერილივით მოჩანდა ხეებს შორის, რომელთა ფოთლები ყვითელ, წითელ და ყავისფერ ფერთა შეხამებით იქაურობას ამშვენებდა. ჰორიზონტზე წითელი მანათობელი ბურთის სხივების მის ფიქრებს ბიძგს აძლევდა. იქნებ სულაც ისეთი დიდებული იდეა მოუვიდა თავში, რაც მის ცხოვრებას ერთბაშად შეცვლიდა?

“სულ ეს არის”? ეს იყო პირველი შეკითხვა, რაც ელზასგან გაიგონა.

“ტყე ძალიან მშრალია”, უპასუხა ტონისენმა და მანქანის გასაღები ტელეფონის გვერდით მოთავსებულ თასში ჩადო.

“კუპერსთან გადავალ”, მიაძახა მან ელზას, რომელიც ჩაის ტილოების კეცვით იყო დაკავებული.

“ჰარტმუტ, რამ მოგიყვანა ჩემს საცოდავ ქოხში”? ჰკითხა კუპერსმა.

” მამაკაცური საუბრის წყურვილმა”, უპასუხა ტონისენმა და კუპერსების სახლში შევიდა. 70იან წლებში ასეთი სახლები სოკოებივით მომრავლდა ვინკრატში და ახლა ყაზარმის პირისპირ ჩამწკივებულიყო.

კუპერსმა ტონისენი მისაღებ ოთახში მიიპატიჟა. “ლუდს მიირთმევ”? ჰკითხა მან.

“სიამოვნებით”, მოკლედ უპასუხა სტუმარმა და ტყავის დივანში მოიკალათა. მისაღები ოთახის მაგიდაზე დახვავებულიყო სატელევიზიო პროგრამების, ავტომანქანებისა თუ სპორტული ჟურნალები. ქალების საყვარელი ჟურნალი არსად ჩანდა. როგორც ჩანს, დიდი ხანია მაგიდაზე სუფრაც არ გადაფარებულა.

მისი მზერა შეჩერდა ტელევიზორის გვერდით მდებარე ვიტრინაზე, რომელშიც კუპერსს თავისი პისტოლეტები მოეთავსებინა. იქვე იყო გამოფენილი თასები, რომლებიც სპორტული მსროლელის კარიერის მანძილზე მოეგო. ეს იარაღი საკმარისია იმისთვის, რომ რუსული დივიზიის შემოტევისას სახლი დაიცვას, გაიფიქრა ტონისენმა.

“რამე ხომ არ გაგიგია მიას შესახებ?” ჰკითხა მან.

“პოლიციაში ამბობენ, ჯერ კიდევ ვეძებთო”, უპასუხა კუპერსმა. “ერთი წელიწადზე მეტია, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბოლო შეხვედრისას მითხრეს, რომ შეიძლება აღარც დაბრუნდეს. დაზღვევა კი ჯერჯერობით მოიცდის”.

ჰარტმუტი უსიტყვოდ სწვდა თავის ტყავის ქურთუკს. ჯიბიდან ამოიღო ლურჯი თილისმა, და ნელა დააცურა ჟურნალების მაგიდაზე ვაიპერის მოდელის გვერდით ისე, რომ კუპერსისთვის თვალი არ მოუშორებია. კუპერსმა ლუდის ბოთლს ხელი ისე მაგრად მოუჭირა, რომ თითები გაუთეთრდა. თვალებით ლურჯ თავსახურს მიშტერებოდა.

“ის აღარ დაბრუნდება”, თქვა ტონისენმა ჩაფიქრებით, თან კუპერსზე ჰქონდა თვალები მიპყრობილი. “მინდა, რაღაც საქმე შემოგთავაზო”.

***

“არ მოდიხარ ჩვენთან ერთად? მთელი მეზობლობა მიდის გოლფის სათამაშოდ. მხოლოდ ბატონი ტონისენი ინაზება”, თქვა ელზამ.

“მინიგოლფი ჭირივით მეზიზღება”, უპასუხა ქმარმა. “ერიკმა წაგიყვანოს იქამდე”. ელზა უსიტყვოდ შეტრიალდა და ერიკ კუპერსის BMჭ-სკენ გაემართა, რომელშიც სპორტული ნივთები ეწყო. მძღოლის გვერდით კარი ისეთი ხმით დაიკეტა, მის პასატს რომ დიდი ხანია არ გამოუცია. გამოსაბოლქვი მილი აბღუვლდა, როცა კუპერსმა ექვსცილინდრიანი მოტორი ჩართო.

ტონისენმა სახლის კარი გაიხურა. როგორც იქნა, დადგა მშვიდი შაბათ-კვირა შვილებისა და რამდენიმე საათი – ცოლის გარეშე. ალბათ ერთადერთი იმ შაბათ-კვირებიდან, როცა მას ნერვების დაწყნარება შეეძლო. რა ხშირად უნატრია სიმშვიდე! შვილები დაიზარდნენ და სახლიდან წავიდნენ. ახლა ისინი იქ აღარ ცხოვრობდნენ.

ბაღში შევიდა. დრო იყო, რომ გამხმარი ფოთლები მოეგროვებინა და ნაგავში გადაეყარა. ზამთარი ახლოვდებოდა. ელექტრონული ფანტანი, რომელიც გუბურაში იდგა, ზამთრისთვის წესრიგში უნდა მოეყვანა და სანამ მოყინავდა, სარდაფში ჩაეტანა. თანაც აუცილებლად რაღაც უნდა ეკეთებინა, რომ გონებიდან შავი ფიქრები ამოეგდო.

მზე ჩადიოდა, მისი სხივები აღარ ანათებდა გრეფრატის თავზე. პულოვერი ეცვა და ცოტა შესცივდა. ფოცხი გარაჟში შეიტანა და შემდეგ სახლში შევიდა. სააბაზანოში ტუალეტის ჩასარეცხს თავი ახადა, მილი ამოსწია, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია და ზემოთ ამოსვლა არ ინდომა. კირი მოსდებოდა. შიგ ძმარი ჩაასხა.

ბაღში ნათურები ავტომატურად ინთებოდა და ზღმარტლის ბუჩქს ფერმკრთალად ანათებდა. ტონისენი ტელევიზორს მიუჯდა. საინტერესოს ვერაფერს მიაგნო. გადაცემაში “ვის უნდა ოცი ათასი?” რამდენიმე სათავისო კითხვაც იპოვა და სწორი პასუხიც გასცა. სამაგიეროდ, დარბაზში რომ მჯდარიყო, 4000 ევროიან კითხვაში ჩაიჭრებოდა.

დადგა ღამის ახალი ამბების დროც. ელზა კი არ ჩანდა. ტონისენი სამზარეულოში შევიდა და კუპერსის სახლს გახედა. იქაურობა წყვდიადში გახვეულიყო. შუქი არ ანათებდა არც მისაღებ ოთახში და არც სამზარეულოში. გარაჟის წინ მიდამოც ბნელს მოეცვა. გარეთ გავიდა. გარაჟი ღია იყო. კუპერსი სახლში არ მოსულიყო. ტონისენი მიესალმა მეზობელს, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. მისგან შეიტყო, რომ გოლფის ტურნირი დიდი ხნის დამთავრებული ყოფილა. ტონისენი ლოგინში ჩაწვა, საბანი გადაიფარა და შეეცადა, დაეძინა. მაგრამ ის ელანდებოდა, გრძნობდა მისი რბილი კანის სითბოს, იქ, სადაც ქალს თილისმა ეკიდა, როცა მის კანს ენით ეხებოდა. ყურებში ჩაესმოდა ქალის მოღუღუნე კვნესა, სწორედ ისე, როგორც მაშინ, როდესაც მის მუცელს ეფერებოდა და მის მკერდს ელამუნებოდა.

ტონისენი ადგა. ჯერ კიდევ შუაღამე იყო, როცა უკანასკნელი მეოცნებეები სახლისკენ მიმავალ გზას ეძებდნენ. კუპერსების გარაჟის კარი კიდევ ღია იყო.

“ამდენ ხანს რატომ უნდება”? ფიქრობდა ტონისენი, როცა მიხვეულ-მოხვეულ გზაზე მიდიოდა თავისი მანქანით. სავსე მთვარის ფერმკრთალი შუქი უნათებდა გზას. მდინარე ნირსზე ნისლი იწვა და მის გასწვრივ მდებარე მინდვრებს ჩადრივით ეფინებოდა.

რომერშტრასეზე სამარისებური სიჩუმე იდგა, როცა ტონისენმა თავისი პასატის კარი მიაჯახუნა. მან ღრმად ამოისუნთქა და ირგვლივ მიმოიხედა. მის გვერდით ტყეში ხეები მაღალი, გამხდარი კაცებივით იდგნენ. მოსახდენი აქ, ამ ადგილას უნდა მომხდარიყო. ტყის შუაგულში შევიდა და ის ადგილები დაათვალიერა, სადაც მიას თავის ქალა იპოვა. რაღაც ანათებდა გვიმრებს შორის. ტოტები ხრაშუნობდა ყოველი ფეხის დადგმისას. იმ ადგილს მიუახლოვდა.

თვალი ელზას მოჰკრა.

ესე იგი, კუპერსმა ეს საქმე სისრულეში მოიყვანა და ელზა მოკლა. ზუსტად ისე, როგორც ერთმანეთში შეთანხმდნენ. თითქოს მხრებიდან ტვირთი მოხსნესო. როგორც იქნა, თავისუფალია ამდენი დამცირებისგან, მუდმივი ყვირილისგან, შეკითხვისგან, საერთოდ რატომ შეირთო ეს ქალი ცოლად, რატომ შეაღო ცოლ-ქმრული ჯოჯოხეთის კარი. ტონისენმა ხელი დაუსვა კაბას, რომელიც ელზას წინა საღამოს ჩაეცვა.

მკვლელს გვამი ისე უნდა გადაემალა, რომ მალე არ აღმოეჩინათ. ასეთი იყო შეთანხმება. ამ ტყეში საკმაოდ იყო ტოტები და ფოთლები. ამიტომ საჭირო იყო, ქალის სხეული კვლავ დაეფარა ტოტებით. ქალი მუცელზე გაშოტილი იწვა, მისი საღამოს კაბა ნაცრისფერ ნაქსოვ ჟაკეტს დაეფარა. მკვდარი ისე უცოდველად გამოიყურებოდა, როგორც მძინარე მზეთუნახავი. ამ გვამს რაღაც განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს, გაიფიქრა ტონისენმა.

ჩახმახის ხმამ გამოაფხიზლა ამ ფიქრებიდან. ელვისებური სისწრაფით მიტრიალდა და კუპერსის ხელში იარაღი შეამჩნია, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ მის ვიტრინაში ეკიდა.

“ისე, კაცმა რომ თქვას, საიდან იცოდი თილისმის შესახებ?” ჰკითხა კუპერსმა. “მიას ის ყოველთვის აზღუდში ჰქონდა ჩამალული. მითხარი”.

“ჩემი მოკვლაც გინდა?” ასევე კითხვით მიმართა ტონისენმა.

“კითხვებს აქ მე ვსვამ”. უპასუხა კუპერსმა. “მითხარი, საიდან”.

“კეგლის სათამაშოდ რომ დადიოდით, უპასუხა ტონისენმა. იარაღი კვლავაც მასზე იყო მიმართული. “ყოველ მეორე შაბათ-კვირას. თქვენ კი არაფერი შეგიმჩნევიათ”.

“შენ ასე ფიქრობ?” გაიცინა კუპერსმა.

“შენ ხომ საერთოდ ვერაფერს ამჩნევ”. თქვა ელზამ. “ჰმ, კეგლი”.

“თქვენ ერთად”… თქვა პირდაღებულმა ტონისენმა.

ელზა ადგა, კაბიდან ფოთლები ჩამოიფერთხა.

“იცი რა, ჰარტმუტ”, თქვა კუპერსმა, “მე მგონია, რომ ჩვენ ორივემ ერთი და იგივე შეცდომა დავუშვით. შენ მია უნდა შეგერთო ცოლად, მე კი – ელზა. მაშინ ორივე წყვილი შეხმატკბილებული იქნებოდა”.

“მია რატომ მოკალი”? ჰკითხა ტონისენმა.

“გაიგო, რომ ელზასთან მქონდა კავშირი”, უპასუხა კუპერსმა. “მონდომა, ყველაფერი მიეღო: სახლი, მანქანა, აქციები, მაგრამ ვერ მივართვი”.

“აქ ესროლე?” არ ათავებდა კითხვებს ტონისენი. “თუ ჩვენ ვერ გავიგეთ?”

“ყელზე ერთი მაგარი ხელის მოჭერა და სამი წუთი ჭიდილი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. მერე კი დამთავრდა ჯოჯოხეთი”.

სადღაც შორს მანქანის ხმა გაისმა. როგორც ჩანდა, ახალგაზრდები დროსტარებას მორჩნენ.

“ყველაფერი შენი ბრალია. დაიწყო ელზამ. ნეტავ თავიდანვე მცოდნოდა, რა უვარგისიც იყავი, არაფერი გამოგდის ხელიდან. თანაც, ჩემი სიკვდილი გინდოდა”.

“ეს კიდევ საკითხავია, ვინ არის აქ”… უნდოდა ტონისენს პასუხი გაეცა.

აღარ დასცალდა წინადადების დამთავრება. კუპერსმა ქამარი ჩამოაცვა ყელზე, მოუჭირა და მოქაჩა. ტონისენმა სცადა, თითები ქამარში მოექცია, მაგრამ ძალიან მაგრად იყო მოჭერილი. სული შეეხუთა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. აქოშინდა. მეტი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. პირიდან მხოლოდ ხრიალი ამოსდიოდა. ელზა მას თვალებში უყურებდა, თვითონ კი უკვე ვეღარაფერს აღიქვამდა. ტონისენი გრძნობდა, როგორ ტოვებდა მის სხეულს სიცოცხლის ძალა. შემდეგ კი თვალები დაუბნელდა.

***

ცა ძალიან მიწიერი ადგილი უნდა იყოს, გაიფიქრა ტონისენმა, როცა მისმა სულმა გარდაცვალების შემდეგ მარადიულ სამყაროში გადაინაცვლა. იქნებ ეს ადგილი სულაც ჯოჯოხეთი იყო? ის მთელი სხეულით კანკალებდა. არა, ეს არ უნდა ყოფილიყო ჯოჯოხეთი, საამისოდ აქ ძალიან ციოდა. თავი გვერდზე მიაბრუნა. ის იწვა ხეებს შორის, ცხვირწინ კი ხის ტოტი ედო. მზის სხივს ფოთოლთა საფარველში შეეღწია და ლოყაზე ელამუნებოდა. შემდეგ გაახსენდა, რომ გუშინ გარდაიცვალა. არა ნებაყოფლობით.

ტონისენი ადგა, ტოტები გასწი-გამოსწია. თავი გააქნია. ტკივილმა შეახსენა, რომ წინა ღამით კუპერსმა ყელში წაუჭირა ხელი. სავარაუდოდ, საქმე მთლად ისე არ წარიმართა, როგორც ჩაფიქრებული იყო. ის არ მომკვდარა. ფეხზე ადგა. ქურთუკიდან ფოთლები ჩამოიფერთხა და ჩამოცვენილ გამხმარ ფოთლებში რომერშტრასესკენ მიმავალი გზა გაიკვლია. როცა ასფალტზე გავიდა, მიმოიხედა. არავინ ჩანდა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო.

დიდი ხანი დასჭირდა, რომ თავის მანქანამდე გზა ეპოვა. პასატი იქ აღარ იდგა. ტონისენმა გასაღები მოძებნა. ის აღარ იდო ჯიბეში. ახლა საფულეს დაუწყო ძებნა. არც ის ჩანდა სადმე. ალბათ მათ ის წუხელ გაჩხრიკეს. ელზამ ხომ იცოდა, მისი ქმარი სად ინახავდა ძვირფას ნივთებს. ის მკვდრეთით აღმდგარიყო, მაგრამ სიცოცხლე ისევ ისე ულმობელი ჩანდა, როგორც მანამდე.

ღორღის დამამუშავებელი ქარხნის რომელიღაც მძღოლმა ჩამოიარა, შეიცოდა და ტონისენი მიორტელშტრასემდე მიიყვანა. სამყაროს ახლა სულ სხვა თვალით უყურებდა. საკუთარი ქუჩისკენ გაემართა. კარგად იცნობდა ამ სოფელს, სადაც სახლი აიშენა, თავისი ცხოვრების ბოლო 20 წელი გაატარა, სადაც მისი შვილები გაიზარდნენ. ამ წუთში თავს საოცრად თავისუფლად და ლაღად გრძნობდა: აღარაფერი ადარდებდა, არც ყოველდღიური საზრუნავი და არც საბანკო ვალები. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ მკვდარი ვარ, ფიქრობდა ის. ჯერ კიდევ გაბრუებული იყო, თავს ისე გრძნობდა, თითქოს ნარკოტიკული სოკო ეჭამოს, ისეთი, მის შვილს რომ უყვარდა.

როგორც იქნა, თავის ქუჩას მიაღწია. გაჩერდა საკუთარი სახლის წინ. პასატი ეზოს შესასვლელში იდგა. ელზა მას არასოდეს აყენებდა გარაჟში. კუპერსის გარაჟი დაკეტილი იყო. სიჩუმე იდგა მეზობლის ეზოში. საკუთარ სახლშიც ასევე სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. ალბათ ახლა ორივენი იქ იყვნენ. იქნებ სულაც ერთად იწვნენ საწოლში, შამპანურს სვამდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ? თავში ეს აზრები უტრიალებდა, მაგრამ ის შორს იყო ამ ცხოვრებისგან, ის ახლა სხვა სამყაროდან იყო.

შესასვლელი კარის გვერდით პატარა ყუთი ჰქონდა ჩამარხული, რომელშიც მეორე გასაღებს ინახავდა. მის გარდა არავინ იცოდა ამის შესახებ. ელზასთვისაც კი არ გაუმხელია ეს საიდუმლოება.

ჩუმად გააღო გასაღებით ხის კარი და სახლში შევიდა. ცხვირში საჭმლის სუნი ეცა. სამზარეულოს რადიო ჩუმ მუსიკას გამოსცემდა. სხვა არაფერი ესმოდა. საერთოდ, ელზას სახლიდან გასვლის წინ არასოდეს ავიწყდებოდა ელექტროხელსაწყოების გამორთვა. ტონისენმა რადიო გამორთო.

ელზას და კუპერსს, როგორც ჩანს, ვეღარ მოუსწრიათ ვახშმის მაგიდიდან ალაგება და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩაწყობა. შამპანურის ერთ-ერთი ჭიქა, რომლითაც, ვინ იცის, ტონისენის სიკვდილი აღნიშნეს, სანახევროდ დაცლილი იდგა თეფშების გვერდით. მეორე კი გადაყირავებულიყო, შამპანური დაქცეულიყო და მისი კვალი კედლამდე ჩანდა. ეტყობა, ყველაფერმა ძალიან სწრაფად ჩაიარა.

ტონისენი ჩუმად მიიპარებოდა თავის აშენებულ სახლში, რომლის ყოველი კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა. ხელის ცეცებით მიიკვლევდა გზას დერეფანში გარდერობისკენ. კუთხეში კაცის ფეხსაცმელი ეგდო. ფეხაკრეფით გაემართა მისი მიმართულებით. ხელი უნებურად მიიდო ყელზე, იმ ადგილზე, სადაც ცოტა ხნის წინ ქამარი ჰქონდა მოჭერილი.

კუპერსი მუცელზე იწვა, ცალი ხელი გარდერობზე ედო, ტელეფონთან, რომლის ყურმილის აღებასაც ლამობდა. გასაღებების თასი იატაკზე დავარდნილიყო. ჩანდა, საშველად მოხმობა აღარ დასცალდა. ტონისენმა სააბაზანოში შეიხედა. გაოგნებული შევიდა შეგ. ელზა დაგრეხილი იწვა უნიტაზის გვერდით, მარჯვენა ხელის ორი თითი დაღებულ პირთან მიეტანა, თითქოს მათი პირში ჩაყოფა სურდა. თვალები ღია დარჩენოდა, ისე კი, ვეღარაფერს ხედავდა.

ტონისენი უკან შებრუნდა სამზარეულოში. მაგიდის შუაში იდგა ტაფა შემწვარი სოკოთი, რომელიც მან გუშინ ტყიდან მოიტანა.

ელზას სოკო არასოდეს ჰყვარებია.